იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ტოკიო ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დახმარებისთვის.
„მე მკაცრად ვგმობ რუსეთის მუდმივ აგრესიას. იაპონია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს უკრაინას, მათ შორის ზამთრის გადატანაში, რათა დავიცვათ უკრაინელი ხალხის სიცოცხლე,” - განუცხადა კიშიდამ ჟურნალისტებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა 6 იანვარს განაცხადა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უკრაინაში ვიზიტით მიიწვიეს. თავად იაპონიის პრემიერმა განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობას განიხილავს.
შეგახსენებთ, იაპონია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს. სამიტი 19-21 მაისს ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება.
უკრაინული მედია წერს, რომ იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას სურს, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ინტენსიური დისკუსიებისთვის პირობები შექმნას.