ევროკავშირი ბელორუსს ახალ სანქციებს დაუწესებს. ბლოკი რუსეთზე წეზოლას განაგრძობს და ავრცელებს ზომებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Reuters-ის ცნობით.
„ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე ვიდრე ეს საჭირო იქნება. ჩვენ გავავრცელებთ ამ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც სამხედროდ მხარდაჭერას უწევენ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, როგორიცაა ბელორუსი ან ირანი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებულად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ და ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელორუსში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური ფასი გადაიხადონ.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა.
„ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ ქმედებები, რომელთა სამიზნეა კრემლისა და ლუკაშენკოს რეჟიმის ელიტის ფინანსური ქსელები და აქტივები.
12 ოქტომბერს გამართულ ისტორიულ კენჭისყრაზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა რეზოლუციის მიღებით მტკიცედ აიმაღლეს ხმა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და გაეროს ინსტიტუტის მხარდასაჭერად, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის მცდელობას“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აშშ-მ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოითხოვა ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ვაშინგტონს ჰქონდა კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის.
„რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - აცხადებდა ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი.
ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა დიპლომატმა უილიამ კორტნიმ Europetime-თან განაცხადა, რომ ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრძანების შესრულებას დასთანხმდეს.
სექტემბერში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ომში თანამონაწილეობა უნდა დაასრულოს.
ლუკაშენკოს ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს და 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. დასავლეთს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული.