უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად.
მისივე თქმით, რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს.
„დღეს ჩვენი დიპლომატიური მარათონის ახალი ეტაპია – ვესაუბრე ევროპელ ლიდერებს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ, დონეცკის რაიონში არსებული რთული სიტუაციის შესახებ, მუდმივი რუსული შტურმის შესახებ და იმის შესახებ, რომ რუსეთი თავის ხალხს არ ითვლის, არ ინდობს ადგილობრივებს და არ ჩერდება არცერთი დანაშაულებრივი ქმედების წინაშე. საჭიროა, რომ ამას დავუპირისპიროთ თანამედროვე შეიარაღების ახალი დონე, რომლის მიღებაც უკრაინას პარტნიორებისგან შეუძლია. მადლობა ყველა ლიდერს, ვინც ჩვენ გვეხმარება იმის გაგებისთვის, რომ ახალი ძლიერი გადაწყვეტილებების მიღებისა და ახალი ძლიერი მხარდაჭერის დროა.
თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის, ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთი ძალებს აგროვებს მორიგი ესკალაციისთვის. რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.