მსოფლიო ბანკის (WB) ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მიზეზებს შორის 2022 წლის მაღალი ზრდით გამოწვეული საბაზისო ეფექტს, ასევე პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირება (მაგ. ევროკავშირის ქვეყნებში) და ფულადი სახსრების შემოდინების კლებას ასახელებს.
„გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების“ შესახებ ანგარიშის მიხედვით, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ზრდის სტაბილიზაცია პოტენციური 5%-ის ფარგლებში.
რაც შეეხება გასული წლის მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მოსალოდნელი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ეკონომიკის 10%-იან ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო COVID-19 პანდემიის შემდეგ ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენამ, ტურიზმის განახლებასთან ერთად და რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატებამ.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსალოდნელია ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად.
„ამ პერსპექტივის მიხედვით არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. უარყოფით პერსპექტივად შეიძლება განხილული იყოს ის, რომ მუდმივმა ინფლაციამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარზე და პოტენციურად მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების გამო",- აღნიშნულია ანგარიშში.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ტურიზმზე და ფულად გზავნილებზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად.
დადებით პერსპექტივად კი შეიძლება განხილული იყოს ფულადი ნაკადების შემოდინება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღება სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად.
შეგახსენებთ, 2023 წელს მთავრობის ოფიციალური პროგნოზით ეკონომიკური ზრდა + 5.0%-ია; საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით + 4.0%; საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF): + 4.0%, მსოფლიო ბანკის (WB): + 4.0%; აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით + 6.0%;