გამკაცრებული პოლიტიკა ძალაში იქნება, ვიდრე არ გაჩნდება იმის მკაფიო ნიშნები, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ორდღიან ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ცენტრალური ბანკის მმართველები ესწრებოდნენ.
კობა გვენეტაძემ ფორუმის ფარგლებში ცენტრალური ბანკის მმართველთა სესიაში მონეტარული პოლიტიკის თემაზე ორი მიმართულებით იმსჯელა – ინფლაციური მოლოდინები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა გლობალური გამოწვევების ფონზე, ცენტრალური ბანკის ციფრული ფული, რისკები და შესაძლებლობები. კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
„ცენტრალურმა ბანკებმა საკმარისი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ უსაფუძვლო ინფლაციური მოლოდინები, მიუხედავად იმისა, რა იყო საწყისი გამომწვევი მიზეზი – მიწოდება თუ მოთხოვნა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მზარდი ინფლაციის ფონზე, რამდენჯერმე გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი და აქტიური კომუნიკაცია გასწია იმასთან დაკავშირებით, რომ გამკაცრებული პოლიტიკა მანამ იქნება ძალაში, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გაჩნდება, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საბაზრო ინფლაციური მოლოდინები ამ გზავნილს შეესაბამება, რადგან, მაგალითად, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე მიმდინარე პოლიტიკის განაკვეთი, რადგან ბაზარი ინფლაციის შემცირებას მოელის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.