რას გულისხმობს რეფორმა, რომელიც „საქართველოს რკინიგზაში“, საპარტნიორო ფონდიდან კომპანიის გასვლის შემდეგ დაიწყება

„საქართველოს რკინიგზის“ 100% „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობას გადასცა. გარიგება 2022 წლის ბოლოს დასრულდა.

  • რას ნიშნავს ეს ცვლილება და დაჩქარდება თუ არა ამ ტრანზაქციის შემდეგ დაანონსებული რეფორმა სახელმწიფო კომპანიაში? 

Europetime-თან ინტერვიუში, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ „საქართველოს რკინიგზის“ 100%-იანი წლის მთავრობისთვის გადაცემა, კომპანიის საქმიანობაში არსებითად არაფერს ცვლის, თუ ეკონონმიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დაანონსებული რეფორმა რეალურად არ დაიწყო. 

„გამოითქვა მოსაზრება, რომ იმ ფულად შენატანებს, რაც „საქართველოს რკინიგზას“, ასევე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ „საპარტნიორო ფონდში“ მოგებიდან შეჰქონდა, ეს უწყება [საპარტნიორო ფონდი], თავისი მიზნებისთვის განკარგავდა. მაგალითად, ფულს ხარჯავდა სასტუმროების ასაშენებლად ან სხვა პროექტების განსახორციელებლად. ამას „საპარტნიორო ფონდი“ ბუნებრივია, სახელმწიფოს თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებდა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს დამოკიდებულება „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ არ იცვლება“, - ამბობს გოჩავა.

მისივე თქმით, „საქართველოს რკინიგზაში“ რეფორმის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამას ევროდირექტივებიც ითვალისწინებს.

  • ევროდირექტივების ძირითადი მიზანია, რომ რკინიგზა კომერციულად მომგებიანი გახდეს. კომპანიის კომერციალიზაციაა მთავარი მიზანი. ამისთვის უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს სატვირთო გადაზიდვები, მგზავრთა გადაყვანა, ინფრასტრუქტურის შეთავაზება. სავაგონო შემადგენლობა უნდა იყოს სრულიად ცალკე. „საქართველოს რკინიგზა კი, ვერტიკალურად ინტეგრირებულია. მონოლითური სტრუქტურაა და კომპანიაში ეს მიმართულებები მხოლოდ ფორმალურადაა გამიჯნული“, - ამბობს დავით გოჩავა.

ამასთან, აღნიშნავს, რომ კომპანიის მართვის სქემა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„საქართველოს რკინიგზაში“ კერძო გადამზიდავი ვეღარ შედის, რადგან მონოპოლიური და დახურული სისტემაა. კომპანიას რეფორმა სჭირდება, აქ კი, მთავრობის მხარდაჭერა საჭირო. შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე, „საქართველოს რკინიგზაში“ ეფექტიანი რეფორმაა საჭირო, რადგან კომპანია გაზრდილი ტვირთბრუნვის შედეგად სარკინისგზო გადაზიდვებზე გაჩენილ მოთხოვნას ვერ პასუხობს “, - აღნიშნავს გოჩავა.

  • როდის დაიწყება „საქართველოს რკინიგზაში“ რეფორმა? 

„საქართველოს რკინიგზის“ 100%-ის მთავრობისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველოს რკინიგზა“ სამი სახელმწიფო კომპანიიდან ერთ-ერთია, სადაც 2023 წლიდან რეფორმა უნდა განხორციელდეს.

თუმცა რას გულისხმობს რეფორმა და არის თუ არა მზად „საქართველოს რკინიგზის“ ტრანსფორმაციისთვის საჭირო შესაბამისი სტრატეგია, ლევან დავითაშვილს არ დაუკონკრეტებია.

ცნობილია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგიის თანახმად, ეს პროცესი სამ მსხვილ კომპანიაში „საქართველოს რკინიგზაში”, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში” უნდა დაიწყოს. 

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, სამ სახელმწიფო საწარმოში განსახორციელებელი რეფორმისთვის აუცილებელი ხუთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება დასახელდა: 

● კორპორაციული მართვა;

● კომერციული მიზნები;

● კონკურენტული ნეიტრალურობა

● ფლობის პოლიტიკა;

● სტრატეგიული მართვა;

„სტანდარტების დანერგვისა და მასთან დაკავშირებული კორპორაციული მართვის გაუმჯობესების მისაღწევად ხუთივე მიმართულება უნდა განხორციელდეს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგიაში. 

პრიორიტეტული მიმართულება #1. კორპორაციული მართვა - თითოეულ სახელმწიფო კორპორაციას ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომლის შემადგენლობაში შემავალ წევრებს ექნებათ შესაბამისი უნარები, ცოდნა, გამოცდილება, დამოუკიდებლობა და დრო კორპორაციის აღმასრულებელი პირების, კერძოდ, აღმასრულებელი დირექტორის ყოველდღიური საქმიანობების დამოუკიდებელი ზედამხედველობის ფუნქციის შესასრულებლად. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ანგარიშვალდებულნი იქნებიან თავიანთი ფუნქციების შესრულებაზე.

პრიორიტეტული მიმართულება #2. კომერციული მიზნები - სახელმწიფო კორპორაციების მთავარ მიზნად განისაზღვრება კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა. საშუალოდ, დროთა განმავლობაში მათ უნდა მიაღწიონ კერძო სექტორის მსგავსი კომერციული კომპანიების შესადარის ფინანსურ შედეგებს. თუ მეორადი მიზნის სახით, მთავრობა განიზრახავს სახელმწიფო კორპორაციების საშუალებით არაკომერციული საქმიანობების განხორციელებას, რომელიც ასევე ცნობილია კვაზი-ფისკალური აქტივობების სახელით, მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს მათ აღნიშნული აქტივობებზე გაწეული ხარჯები.

პრიორიტეტული მიმართულება #3. კონკურენტული ნეიტრალურობა - სახელმწიფო კორპორაციები ოპერირებას კონკურენტული ნეიტრალურობის საწყისებზე მოახდენენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ კონკურენტული უპირატესობა და არც არახელსაყრელი მდგომარეობა სახელმწიფოს მხრიდან მათი ფლობის ან კონტროლის შედეგად. კონკურენტული ნეიტრალურობის პრინციპების გამოყენება უზრუნველყოფს სახელმწიფო კორპორაციების მხრიდან შეზღუდული ეკონომიკური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

პრიორიტეტული მიმართულება#4. ფლობის პოლიტიკა - განისაზღვრება სახელმწიფო საწარმოს ფლობის და დაარსების ობიექტური კრიტერიუმები. უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფო კორპორაციის სტატუსის გადახედვა ამ კრიტერიუმების მიხედვით, მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოში სახელმწიფო კორპორაციების ფლობის პოლიტიკა განხორციელდება ე.წ დუალისტური მოდელის შესაბამისად. აღნიშნული მოდელის მიხედვით, აქციონერთა უფლებების განხორციელების პასუხისმგებლობა გადანაწილებულ იქნება ორ სამინისტროს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის.

პრიორიტეტული მიმართულება #5. სტრატეგიული მართვა - კორპორაციული განზრახვის განაცხადი. სახელმწიფო კორპორაციებმა ყოველწლიურად უნდა შეიმუშაონ კორპორაციული განზრახვის განაცხადი (კგგ), რომელიც სამეთვალყურეო საბჭომ შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს აქციონერებს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებს.

ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიის თანახმად, სამ სახელმწიფო საწარმოში რეფორმა 2023-2026 წლებში უნდა განხორციელდეს. 

სტრატეგიის შემუშავების პროცესში საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მიერ აქტიური კონსულტაციები განხორციელდა შემდეგ ინსტიტუციებთან: ● საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ● აზიის განვითარების ბანკი (ADB) ● მსოფლიო ბანკი (WB) ● ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community) ● სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ● სს საპარტნიორო ფონდი 

„საქართველოს რკინიგზაში“ მოსალოდნელ რეფორმის დეტალებზე არ საუბრობენ. 

Europetime-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ დაგეგმილ რეფორმაზე დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდიან. 

  • რა გამოწვევების წინაშეა „საქართველოს რკინიგზა“ 

„საქართველოს რკინიგზის“ შესახებ ვრცელი კვლევა 2022 წლის გაზაფხულზე აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაქვეყნა.

2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს რკინიგზის“ მთავარ გამოწვევად, „ჭარბი მუშახელი, არაეფექტიანობა და ჭარბვალიანობა” დასახელდა.

აზიის განვითარების ბანკის კვლევაში გამოხატულ პოზიციას ეთანხმება პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტიც.

მისივე თქმით, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა, რომ კომპანია „სოციალურ დაკვეთას ასრულებს და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მუშახელის დასაქმებაა“.

პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ერთი ტონა ტვირთის გადაზიდვას 7 რკინიგზელი სჭირდება, „საქართველოს რკინიგზაში“ კი ამ ფუნქციას 25 ადამიანი ასრულებს. მატარებლის სიჩქარე დაბალია და ექსპლუატაცია არაეფექტიანი“.

რაც შეეხება ჭარბვალიანობის საკითხს, „საქართველოს რკინიგზამ“ ძველი ვალების დასაფარად 2021 წელს $500 მილიონიანი ვალი აიღო. 

კომპანიამ $500 მილიონის მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 7 წლის ვადით განათავსა, რამაც სავარაუდოდ, სახელმწიფო კომპანიის ნაწილობრივ გასხვისების საკითხი 7 წლით გადაავადდა. 

ამასთან, 4-წლიანი პაუზის შემდეგ 2021 წელი კომპანიამ ₾52.7 მილიონის მოგებით დაასრულა. საგულისხმოა, რომ 2016 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ წელი ზარალის გარეშე დახურა.

დავით გოჩავას შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლების ზრდა „შუა დერეფანში“ ტვირთების ტრანსფორმაციამ განაპირობა.

„ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ტვირთები ტრანსკასპიური დერეფნისკენ დაიძრა. სწორედ ესაა რკინიგზის შემოსავლების ზრდის მიზეზი“, - აცხადებს გოჩავა. 

2016 წელს საქართველოს რკინიგზა 65.1 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდა, შემდეგი წლების განმავლობაში კი ზარალს აფიქსირებდა: 2017 წელი - ზარალი ₾354.1 მლნ;

2018 წელი - ზარალი ₾716.5 მლნ; 2019 წელი  - ზარალი ₾5.5 მლნ; 2020 წელი - ზარალი ₾164.6 მლნ; 

2021 წელს კომპანიის ტვირთბრუნვამ 12 მილიონი ტონა შეადგინა. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, საოპერაციო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა და კომპანიამ 547.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება 2022 წელს, „საქართველოს რკინიგზამ“ 9 თვეში 491 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, წმინდა მოგება კი, 278 მილიონი ლარი იყო.