ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილემ შაჰრიარ აფანდიზადემ განაცხადა, რომ თეირანმა და მოსკოვმა რეშტ-ასტარას სარკინიგზო პროექტის დასრულებაზე მოლაპარაკებები გამართეს.
„ირანმა წარადგინა თავისი შემოთავაზებული 16 მუხლისგან შემდგარი მემორანდუმი, რათა დადგინდეს, თუ როგორ მიიღებს რუსეთი მონაწილეობას და ინვესტიციების განხორციელებას რეშტ-ასტარას სარკინიგზო პროექტში“, - თქვა აფანდიზადემ.
აფანდიზადეს თქმით, რუსეთის მთავრობა დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს და დააფინანსოს რეშტ-ასტარას რკინიგზის მშენებლობა.
ირანის საავტომობილო გზების მინისტრის მოადგილის თქმით, ამასთან დაკავშირებით, მომზადდა ირანსა და რუსეთს შორის ორმხრივი მემორანდუმი, ხოლო სამმხრივი მემორანდუმი ირანს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, რაც სამი ქვეყნის მინისტრების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებას მოჰყვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ირანი აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთთან და აზერბაიჯანთან რეშტ-ასტარას სარკინიგზო მაგისტრალის პროექტში ჩართვის შესახებ, ამის მიუხედავად ქვეყანა დაასრულებს პროექტს, მასში რუსეთი ჩაერთვება თუ არა“, - დასძინა შაჰრიარ აფანდიზადემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩრდილოეთ-სამხრეთის მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ, რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიცირება მოსკოვის მიერ 2002 წელს მოხდა. თუმცა ეს მარშრუტი მხოლოდ ახლა იწყებს უფრო აქტიურად განვითარებას. „ამის სტიმული იყო ევროკავშირის სანქციები და, შედეგად, სხვადასხვა შეზღუდვები და ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის ვარდნა“, - წერს რუსული მედია.