უკრაინამ ოლენივკაში დაღუპული 54 ჯარისკაცის ცხედრები დაიბრუნა

უკრაინამ ოლენივკაში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები დაიბრუნა. ამის შესახებ 12 იანვარს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროდან იტყობინება.

„რთული მოლაპარაკებების შემდეგ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, ოლენივკიდან 54 ცხედარის დაბრუნება გახდა შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა 30 ივლისს განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ საზარელი სისასტიკე ჩაიდინეს, ეს არაადამიანური, ბარბაროსული ქმედებაა. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ციხეზე HIMARS-ით, მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემით თავდასხმაში.

ოლენივკა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.