ევრობარომეტრის უახლესი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მომხრეა.
73%-მა განაცხადა, რომ ისინი ეთანხმებიან ევროკავშირის ფინანსურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას, ისევე, როგორც სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა უფრო პოპულარულია სკანდინავიურ ქვეყნებში, ნიდერლანდებში, ირლანდიასა და პორტუგალიაში, სადაც მას მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. საბერძნეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთსა და კვიპროსში გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებმა განაცხადა, რომ ისინი ეთანხმებიან ევროკავშირის ქმედებებს უკრაინის მიმართ.
გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც 12 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა, ყველა წევრი ქვეყნიდან 26000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.