რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და არარატ მირზოიანმა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შორის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვეს სხდომაზე მიღწეული შედეგებით. 

„განხილულ საკითხთა შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საზღვრის კვეთის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობის საკითხს, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას “საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ”. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ორ ქვეყანას შორის საზღვარი ელექტრონული პირადობის ბარათებით გადაკვეთონ.

ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.