ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში Europetime-თან განაცხადეს, რომ აშშ განაგრძობს დემოკრატიული, აყვავებული და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიისკენ მიმართულ ძალისხმევას. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ელჩი რიკერის წასვლა არ არღვევს ამ კუთხით შეერთებული შტატების ერთგულებას.
„ელჩი რიკერის წასვლა არანაირად არ არღვევს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ, მშვიდობიან მომავალს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივ ურთიერთობას თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ეუთო, ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირ დიალოგს და მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ ან მის შედეგად წარმოშობილ ყველა გადაუჭრელ საკითხზე გადაწყვეტის გზების ძიებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს აშშ-ის მიზანს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ვინ შეცვლის ფილიპ რიკერს კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე და ხომ არ გაუქმდება ეს თანამდებობა, ამ შეკითხვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ნედ პრაისს ჟურნალისტებმა 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
ნედ პრაისმა უპასუხა, რომ „ფილიპ რიკერი საბედნიეროდ, ჯერ კიდევ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელია, სულ მცირე, კიდევ 24 საათის განმავლობაში“.
„მისი წასვლის შემდეგ, ეს არის საკითხი, რომელიც კვლავაც მიიქცევს ამ შენობაში უმაღლესი დონის პირების ყურადღებას. მოგეხსენებათ, ამ პროცესში პირადად არის ჩართული მდივანი ბლინკენი. მისი პირადი წვლილით შეიკრიბნენ ლიდერები - მისი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ისინი რეგულარულად მართვდნენ საუბრებს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მას ექნება შესაძლებლობა, ხელახლა დაუკავშირდეს ტელეფონით თავის კოლეგებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი ასევე წამყვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
რაც შეეხება რიკერის პოზიციის შესაძლო გაუქმებაზე დასმულ შეკითხვას, პრაისმა უპასუხა, რომ დამატებით ვერაფერს იტყვის.
„მაგრამ როცა საქმე პოლიტიკას ეხება, და ეს არის ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე... ეს არანაირად არ ამცირებს ჩვენს ვალდებულებას, ხელი შვუწყოთ უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
შეგახსენებთ, ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა.