დიდმა ბრიტანეთმა თეირანიდან ელჩი დროებით გაიწვია

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ დროებით გაიწვევს თავის ელჩს ირანიდან მას შემდეგ, რაც ისლამურმა რეჟიმმა ჯაშუშობისთვის ირანისა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი სიკვდილით დასაჯა.

„ეს იყო თავხედური და მშიშარა აქტი, რომელიც განხორციელდა ბარბაროსული რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის ადამიანის უფლებების პატივისცემის გარეშე“, - ნათქვამია Twitter-ზე დიდი ბრიტანეთის პრემიერის რიში სუნაკის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პასუხი არ შემოიფარგლება მხოლოდ დღევანდელი დღით.

„ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს“, - აღნიშნა ჯეიმს ქლევერლიმ. 

უფრო ადრე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა ირანის გენერალურ პროკურორს სანქციები დაუწესა.

ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიკვდილით დასაჯეს ალირეზა აკბარი, რომელიც სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა ირანის უსაფრთხოებისა და სამხედრო ინსტიტუტებში, მათ შორის იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მას ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.