ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებს ზღვრულ ფასზე ძვირად ვეღარ გაყიდიან

ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა.

ფარმაცევტული კომპანიები, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვას 15 თებერვლიდან ვეღარ შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს.

„თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ცვლილება, ქვეყანაში, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.