უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რაც რუსეთისა და უკრაინის (ჯამში) 198 მოქალაქის წინააღმდეგ, სანქციების ამოქმედებას გულისხმობს.
შესაბამისი განკარგულება უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ამოქმედდეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“, - ნათქვამია განკარგულებაში.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება შეიცავს 198 კულტურისა და მედიის სფეროში მოღვაწე მოქალაქეების სიას, რომელთა მიმართ პირადი სანქციებია დაწესებული.
მითითებულ სიაში შეყვანილი პირების მიმართ შემოღებული პერსონალური სანქციების სრული პაკეტი ძალაში 10 წლის განმავლობაში იქნება.