ირანმა და რუსეთმა შესაძლოა, ერთობლივი კრიპტოვალუტა შექმნან

ირანის ცენტრალური ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუსეთთან ერთად, სპარსეთის რეგიონის კრიპტოვალუტა ტოკენი შექმნას.

კრიპტოვალუტა იქნება გადახდის საშუალება საგარეო სავაჭრო ანგარიშსწორებებში დოლარის, რუბლისა და ირანული რიალის ნაცვლად.

ტოკენი ოქროთი იქნება უზრუნველყოფილი, კერძოდ საუბარია სტაბილკოინის შექმნაზე.

რუსეთის კრიპტო-ინდუსტრიისა და ბლოკჩეინის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბრაჟნიკოვის თქმით, ირანთან ასეთი ტოკენის შექმნა მიზანშეწონილია, რადგან ის უფრო პროგრესული ქვეყანაა კრიპტო ინდუსტრიის კუთხით.

ბრაჟნიკოვმა განაცხადა, რომ 2023 წელს ასტრახანის სპეციალური ეკონომიკური ზონა ირანიდან ტვირთების მიღებას დაიწყებს. იგეგმება ამ ბაზაზე ჟეტონის შექმნაც.

ჟეტონზე მოლაპარაკება დაადასტურა დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის წევრმა ანტონ ტკაჩოვმა. მან აღნიშნა, რომ ეს თემა სახელმწიფო დონეზე განიხილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციაში კრიპტოვალუტის გამოყენება დამტკიცდება.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის მიერ ვაჭრობაში ციფრული ვალუტის გამოყენებას უპირატესობა აქვს SWIFT-თან შედარებით.

2022 წლის აგვისტოში ირანმა, საქონლის იმპორტზე კრიპტოვალუტაში პირველი შეკვეთა დაარეგისტრირა. საუბარი იყო 10 მილიონი დოლარის მიწოდებაზე.

ირანის ვაჭრობის განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალირეზა პეიმანპაკმა განაცხადა, რომ ირანი კრიპტოვალუტის საგარეო ვაჭრობაში გამოყენებას ფართოდ გეგმავს.

2021 წელს, ანალიტიკურმა ფირმა Elliptic-მა განაცხადა, რომ ირანს უკავია კრიპტოვალუტის მაინინგის 4,5% მსოფლიოში, რაც ქვეყანას წელიწადში დაახლოებით $1 მილიარდ დოლარის სარგებელს აძლევს, რაც მას სანქციების გვერდის ავლით საშუალებას მისცემს.