უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი, გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
არესტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომის ცნობებს უკრაინული მედიაც ადასტურებს.
„დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. მინდა ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი. პრინციპული შეცდომა - ნიშნავს გადადგომას", - წერს არესტოვიჩი.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა.
შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, რასაც უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს რეაქცია მოჰყვა. მან 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკო შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.