უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დღეს დილით ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
მისივე თქმით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტს ეკუთვნოდა.
„ავიაკატასტროფის შედეგად შსს-ს ხელმძღვანელობა მინისტრი დენის მონასტირსკი, მინისტრის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დაიღუპნენ.
საერთო ჯამში ამ დროისთვის ცნობილია 16 გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია. მათგან ცხრა ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა“, - წერს კლიმენკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, სტაციონარში გადაყვანილია 22 დაზარალებული, მათგან 10 ბავშვია.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.