უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის უცნობია რა გახდა კიევის რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, განიხილება ყველა ვერსია.
ანდრეი კოსტინის თქმით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება და პროცესი მისი პირადი კონტროლის ქვეშაა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ტრაგედიის მიზეზების გარკვევას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
„სამწუხაროდ, ცა არ პატიობს შეცდომებს, როგორც მფრინავები ამბობენ, მაგრამ მიზეზებზე ლაპარაკი ნამდვილად ნაადრევია", - განაცხადა იური იგნატმა ეროვნული ტელეთონის ეთერში.
კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.