საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოხატავენ ღრმა მწუხარებას ბროვარში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გვსურს, ჩვენი თანაგრძნობა გავუზიაროთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს კოლეგებსა და უკრაინის ხალხს“, – აღნიშნულია ოფიციალურ გვერდზე.
ცნობისთვის, უკრაინაში კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ.