"21-ე საუკუნეში ანტისემიტიზმის დაავადება კვლავ ვრცელდება და კვლავ გადამდებია. ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ აღმოუჩენიათ", - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„27 იანვარს მსოფლიო 6 მილიონ ებრაელ მამაკაცს, ქალსა და ბავშვს იხსენებს, რომლებსაც ნაცისტები და მათი თანამზრახველები ჰოლოკოსტის დროს სასტიკად გაუსწორდნენ. ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ამ ყველაზე ბნელ მომენტს ვიხსენებთ, როდესაც ევროპის ქვეყანამ თითოეული ებრაელის განადგურების პოლიტიკის განხორციელება გადაწყვიტა“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ებრაელების განადგურება ვაკუუმში არ მომხდარა.
„ვინც ფიქრობდა, რომ აუშვიცისა და ტრებლინკას შემდეგ კაცობრიობა გაკვეთილს გამოიტანდა და ანტისემიტიზმს მოიშორებდა, შეცდა. 21-ე საუკუნეში ანტისემიტიზმის დაავადება კვლავ ვრცელდება და კვლავ გადამდებია. ანტისემიტიზმი დასავლეთის მდიდარ ქვეყნებსა და აღმოსავლეთის განვითარებად ქვეყნებშიცაა. ანტისემიტიზმი ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური პოლიტიკაა. ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ აღმოუჩენიათ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედაა გამოცხადებული.