საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა სამხედროა.
ამის შესახებ საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულადაც დაგვიდასტურეს, რომ 2006 წლიდან მუშაობდა. 2021 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს. მანამდე მუშაობდა, ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია, როგორც დაგვიდასტურეს", - თქვა გომელაურმა.
მისივე ცნობით, როდესაც თავდამსხმელმა ავტომატური იარაღიდან სროლა დაიწყო, სახლში მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა.
შს მინისტრის განხცადებით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება, მოუწოდეს, რა თქმა უნდა... მან კიდევ რამდენჯერმე ისროლა", - აღნიშნა გომელაურმა.
მისივე თქმით, როდესაც პოლიცია ბინაში შევიდა, თავდამსხმელი დაღუპული დახვდა. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს.