აშშ-ის ახალმა პირველმა დიპლომატმა სამუშაოს პირველ დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა. ინფორმაციას AP News-ი ავრცელებს.
პირველი სრული სამუშაო დღის დასაწყისში ენტონი ბლინკინმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა და სტრუქტურის განახლებას დაჰპირდა.
„მსოფლიოს ჩვენი ლიდერობა სჭირდება, რადგანაც პრობლემები უფრო მარტივად გვარდება, თუ საქმეში შეერთებული შტატებია ჩართული. ამერიკას კვლავინდებურად შესწევს ძალა, მოახდინოს სხვა ქვეყნების მობილიზება საუკეთესო მიზნების მისაღწევად. მსოფლიო გვიყურებს, მას სურს იმის დანახვა, შეგვიძლია თუ არა მტკიცედ გავუძღვეთ წინ ჩვენს მოკავშირეებს და დიპლომატია ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ; შეგვწევს თუ არა ძალა, რომ დავძლიოთ მსოფლიოში ურთულესი პერიოდი, როგორიცაა: პანდემია, კლიმატის ცვლილება, ეკონომიკური კრიზისი, დემოკრატიის საფრთხეები, რასობრივი უთანასწორობა და საშიშროება ჩვენი მოწინაღმდეგეებისგან“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სიტყვით გამოსვლისას.
ბლინკენი ჯო ბაიდენის დიდი ხნის მოკავშირეა. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს ის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა, შემდეგ კი უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩეველი გახდა.
ენტონი ბლინკენი მხარს უჭერს NATO-ს გაფართოებას. 19 იანვარს სენატში გამართული მოსმენის დროს ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი კვლავინდებურად ემხრობა NATO-ს გაფართოებას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, თუ საქართველო NATO-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს.