უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება დააჩქარონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ვიდეოჩართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქამდე მიწოდებული იარაღისთვის ყველა მოკავშირის მადლიერია, მაგრამ ომი შეფერხების საშუალებას არ იძლევა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს მსოფლიოში ისეთი წესრიგის არსებობა სურს, სადაც ერების განადგურება შეიძლება და ამაზე მოსკოვში ღიად საუბრობენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს მოუწოდა არ დაუშვან მსოფლიოში ისეთი წესრიგების არსებობა, როდესაც სიძულვილი ბატონობს.
„ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ თქვენი შემდგომი შეხვედრები ისტორიაში შევა როგორც „F-16-ებისა და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების რამშტაინი“. თქვენს ძალებშია ისეთი არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის გარანტია, რომლებიც ტერორს გატეხენ, - განაცხადა ზელენსკიმ.
Sky News-ის ცნობით, ზელენსკიმ თავისი გამოსვლა, F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების თხოვნით დაასრულა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რამშტაინის ფორმატში მერვე შეხვედრა გაიმართა.