საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
„მინდა, მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულების ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო მომხდარი საზარელი მკვლელობის გამომწვევი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს და ასევე, დაშავებულებს ვუსურვო ჯანმრთელობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება და რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება.
თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.
საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.