გერმანია ყაზახეთის „მწვანე“ ენერგიის ბაზარზე შესვლას გეგმავს

გერმანია ყაზახეთთან, მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს.

ამის შესახებ Trend-ს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სპიკერმა რობერტ სევერინმა განუცხადა.

„ექსპერტები აცხადებენ, რომ ყაზახეთში მწვანე წყალბადის, ასევე ქარის ენერგიის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობებია. მზის რადიაციული ენერგიის დონე და სხვა ფაქტორები ასევე უზრუნველყოფს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების წარმატებულად განვითარებას ", - თქვა სევერინმა.

მისი თქმით, 2022 წლის 7 ნოემბერს ყაზახეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებებს კრიტიკული ნედლეულისა და წყალბადის სფეროში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების შესახებ.

ამასთან, ქვეყნებს შორის პირველი პროექტები უკვე დაწყებულია.

„მაგალითად, SVEWIND, განახლებადი ენერგიის კომპანიების კერძო ჯგუფი გერმანიიდან, გეგმავს პირველ ფართომასშტაბიან პროექტს დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში, მანგისტაუში. საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2022 წლის ოქტომბერში“, - განაცხადა სპიკერმა.

მან დასძინა, რომ გერმანია-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია. გერმანული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ყაზახეთის ეკონომიკაში 25 პროცენტით გაიზარდა და 2021 წელს $320 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გერმანიიდან ყაზახეთში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანმა ღირებულებამ კი, წინა 17 წლის განმავლობაში 5 მილიარდ ევროს გადააჭარბა.