დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ორ ზედა ზღვარს შემოიღებენ

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, G7-ის ქვეყნები, ევროკავშირი და ავსტრალია შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ორ ზედა ზღვარს შემოიღებენ. 

სააგენტოს ცნობით, ფასის ერთი ზღვარი ნედლ ნავთობზე, ხოლო მეორე - პროდუქტებზე (საწვავი). 

გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის მარტში გადახედონ თავად რუსული ნავთობის ფასის ზღვარს, რომელიც ზღვით გადაიზიდება.

რუსეთის ნავთობპროდუქტებზე ფასების ზღვრების შესახებ გადაწყვეტილება, კოალიციაში მონაწილე ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მოადგილეების ვირტუალურ შეხვედრაზე (ფასების შეზღუდვის მიზნით) შეთანხმდა.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრის წევრებმა დაადასტურეს, რომ ფასების ზღვრის შემოღებით, მთავარი მიზანი მიღწეული იქნება და ნავთობის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლები შეიზღუდება. 

2022 წლის 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის, ავსტრალიისა და G7-ის ქვეყნების შეთანხმება, რომლის თანახმადაც საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდული რუსული ნავთობის ფასზე ზღვარი დაწესდა. ლიმიტი ბარელზე 60 დოლარით განისაზღვრა.

მოსალოდნელია, რომ რუსული ნავთობპროდუქტებზე ფასის ზღვარი 2023 წლის 5 თებერვლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის შემოღების მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ ამ გადაწყვეტილებით, რუსეთის საექსპორტო შემოსავლები შეამცირონ და უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წარმოებაში ხელი შეუშალონ.