საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ მომავალში უკრაინას Leclerc-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს, მაგრამ ამ საკითხზე მოკავშირეებთან კოორდინაციას გეგმავს.
„რაც შეეხება Leclerc-ის ტიპის ტანკებს, ეს არ არის გამორიცხული", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 22 იანვარს, პარიზში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება ტანკების გადაცემის შესახებ, ერთობლივად, სამი მიზეზის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული. მაკრონის თქმით, ასეთმა გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია, ეს რეალურად უნდა იყოს ეფექტიანი დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და არ უნდა დაასუსტოს თავად ქვეყნების ჯარები და NATO. მაკრონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი პუნქტების გათვალისწინება, როგორიცაა ტრენინგი და ლოგისტიკა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს საკითხი განიხილება მოკავშირეებთან, მათ შორის გერმანიასთან.
„სამუშაოს უახლოეს დღეებსა და კვირებში განვახორციელებთ“, - აღნიშნა მაკრონმა.