საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის გახსნის ცერემონია გაიმართა.
მსოფლიოს 55 ქვეყანაში მივლენილ 70 საკონსულო თანამდებობის პირს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საკონსულო სამსახურის გამართულად, ეფექტიანად მუშაობის აუცილებლობას და ყურადღება გაამახვილა როგორც სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ისე სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მინისტრის განცხადებით, საქართველოს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„მინდა, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯი და ყოველდღიური საქმიანობა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე იყოს მორგებული და თქვენ, რა თქმა უნდა, გექნებათ ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში საქართველოს მთავრობისა და საგარეო უწყების მხრიდან მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო ეფექტურად იზრუნოთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან მადლობა გადაუხადა საკონსულო თანამდებობის პირებს პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის და მოუწოდა, კვლავაც აქტიურად იმუშაონ საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეთა დასახმარებლად.
ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარმოადგინა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული პრეზენტაცია. მან ყურადღება გაამახვილა საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სიახლეებზე. კერძოდ, აღინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა განახლებული მისაღებისა და საკონსულო მომსახურების საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რამაც უზრუნველყო მომსახურების ქოლცენტრის მაღალი გამტარუნარიანობა და მისი გაძლიერება როგორც ოპერატიულ, ისე ანალიტიკურ დონეზე.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, კონსულებისთვის გაიმართა საკონსულო სერვისების განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განახლებული ვებგვერდი ადაპტირებულია მოქალაქეთა საჭიროებების მიხედვით. კერძოდ, მას დაემატა მომხმარებლის პირადი სივრცე, რომლის მეშვეობითაც პირი შეძლებს მონაცემების შაბლონის შექმნას, ელექტრონული განაცხადების გაკეთებას, განაცხადების სტატუსის შემოწმებასა და დოკუმენტების ატვირთვას. ამასთან, დარეგისტრირებულ მომხმარებელს, პირადი სივრცის მეშვეობით, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს განახლებული ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის შესახებ. გარდა ამისა, გაუმჯობესდა ძებნისა და ნავიგაციის მექანიზმები და პროგრამის ანალიტიკური შესაძლებლობები; ვებგვერდს დაემატა ინტერაქტიული რუკის სექცია. კონსულებს წარუდგინეს ვებგვერდის ანალოგი მობილური აპლიკაციაც.