საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ქუვეითს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ საკითხზე ის ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა.
„მე მადლობა გადავუხადე საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ სალემ ალ-საბას ქუვეითის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ქუვეითელმა მეგობრებმა კარგად იციან, რას ნიშნავს აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათ კარგად ესმით ჩვენი. მე მოვიწვიე ქუვეითი, რათა წვლილი შეიტანოს უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.
რამდენიმე დღის წინ, ქუვეითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო ძალისხმევისადმი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას.
ოფიციალური განცხადება ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ სალემ ალ-აბდულა ალ-ჯაბერ ალ-საბასა და უკრაინის ელჩის ქუვეითში ალექსანდრე ბალანუცას შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.