საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ახალი დოკუმენტი წარადგინა და ფინანსური განათლების მიმართულებით გასული შვიდწლიანი პერიოდი შეაჯამა.
ახალი დოკუმენტი ქვეყანაში არსებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა და ფინანსური განათლების წინაშე არსებულ გამოწვევებსაც მოიცავს. მთავარ გამოწვევებად კი ცენტრალურ ბანკში მოსახლეობის მხრიდან ფინანსური განათლების სიმწირეს ასახელებენ.
„2016 წელს დამტკიცდა პირველი ფინანსური განათლების ეროვნულ- სტრატეგია ეროვნული ბანკის მიერ და შვიდი წლის წინ, როდესაც ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატის თანამდებობაზე, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც მე დავასახელე და იქნებოდა ჩემი პრიორიტეტი, თუ ვიქნებოდი ეროვნულ ბანკში, იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლება. ის მომხმარებელი, რომელიც გათვითცნობიერებულია ფინანსურ საკითხებში, იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და ეს, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს მომხმარებლის, ამ შემთხვევაში მსესხებლის ან თუნდაც დეპოზიტარის მდგომარეობას, ამავე დროს მნიშვნელოვანია და კარგია ფინანსური სექტორისათვის, რადგანაც მას უფრო ნაკლები განაწყენებული მსესხებელი ჰყავს. ამ ჩვენ საქმეში ბევრი დონორის დახმარება გვქონდა, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, ფინანსური ორგანიზაციების დახმარება საქართველოში, რომლებიც ასევე ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ მიმართულებით. ამავე დროს, კეთდებოდა კვლევა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი. საქართველო ჩართული იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ის სტრატეგია, რომელიც იქნა მიღებული, ის მიზნები, რომელიც იყო დასახული, იყო შესრულებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავხედეთ, თუ რა ახალი მიმართულებები შეიძლება და შევიმუშავეთ მეორე სტრატეგია, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი და დამტკიცდა.
იმედი მაქვს, რომ მომავალში, როდესაც ახალი ხელმძღვანელი ეყოლება ეროვნულ ბანკს, ასევე შემართებით იქნება მუშაობა გაგრძელებული ამ მიმართულებით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ფინანსური განათლება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა მედლის ორი მხარეა და ეს იქნება განმსაზღვრელი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა გაიუმჯობესონ თავიანთი მდგომარეობა და ფინანსურ ორგანიზაციებს არ შეექმნათ პრობლემები. მთავარი გამოწვევები ამ მიმართულებით არის ის, რომ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოსახლეობა არ არის მზად იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, ახალი ჯგუფი, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, ეს არის ახალი ჯგუფი მოსახლეობის, რომლებიც პენსიაში გადიან, თუ როგორ უნდა მოემზადონ ისინი საპენსიო ასაკისათვის. გარდა იმისა, რომ მათ ექნებათ რაღაც დახმარება პენსიის სახით, რა სჭირდებათ მათ, რომ ეს გააკეთონ. მომავალი სტუდენტებისათვის მაგალითად, როგორ განსაზღვრონ ის, თუ როგორ იქნება უფრო უკეთესი გამოიყენონ მაგალითად ნასესხები სახსრები იმისათვის, რომ თავიანთი განათლება დააფინანსონ. ძალიან მნიშვნელოვანი არის აგრეთვე დამწყები, ანუ სტარტაპ მეწარმეებისათვის, რადგანაც მათაც საკმაოდ ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა ხვდება მომავალში. მოსწავლეების ჯგუფი თავისთავად დარჩება, რომელიც ადრეც იყო ჩვენი ინტერესის ქვეშ“, – განაცხადა მედიასთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფინანსური სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.