ბრალდებულმა ვაზისუბანში, მარკეტის მოლარეს რამდენჯერმე ესროლა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალი წაუყენეს. შემთხვევა 23 იანვარს ვაზისუბანში მოხდა.

უწყების ცნობით, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, ბრალდებული და სუპერმარკეტის, მოლარე-ოპერატორი, ასევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სუპერმარკეტის მომხმარებელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ბრალდებულმა, მისი საცხოვრებელი ბინიდან მასზე რეგისტრირებული ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოიტანა და მოლარე ოპერატორის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. დაზარალებულმა მიმალვა მოახერხა, თუმცა მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა დაზიანებები მიიღეს.

პოლიციამ ბრალდებული 23 იანვარს დააკავა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დანაშაული 16-20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.