Bloomberg-ი იუწყება, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. გამოცემასთან საუბრისას, წყაროები აცხადებენ, რომ ბერლინს მოკავშირეებს შორის მზარდი იმედგაცრუების ჩასახშობად, ხსენებულ საკითხზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღება სურს.
მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ძალიან მალე გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, თუ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, გერმანია შეძლებს ძალიან მალე იმოქმედოს.
„ვამზადებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯელობს.
„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით წვრთნების დაწყებას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, ვიდრე არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოვიქცეთ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.
გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს ალიანსში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სტოლტენბერგი მიესალმა მინისტრ პისტორიუსთან დისკუსიას, რომელიც საბრძოლო ტანკების საკითხს მოიცავდა და აღნიშნა, რომ კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მალე გვექნება“, - დაამატა ალიანსის გენმდივანმა.
შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის Leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.