სპორტული მაღაზიების უმსხვილესი ფრანგული ქსელი Decathlon-ი, რუსეთში ბიზნესს ყიდის

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა სპორტული საქონლით საცალო ვაჭრობის ფრანგულმა ქსელმა Decathlon-მა, რუსეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Decathlon-ი რუსეთში მთელ ბიზნესს ყიდის.

Decathlon-ი რუსეთში სულ მცირე 135,000 კვადრატული მეტრის ფართობის კომერციულ უძრავ ქონებას ფლობს, -  ამბობს საკონსულტაციო კომპანია CORE.XP-ი. ფართის უმეტესი ნაწილი 20 ჰიპერმარკეტს უჭირავს. 

ანალიტიკური კომპანია INFOLine-ის ხელმძღვანელის ივან ფედიაკოვის თქმით, რუსეთში Decathlon-ის ბიზნესი 13-15 მილიარდ რუბლს შეადგენს.

როგორც RBC აღნიშნავს, ბიზნესის გასაყიდად აუცილებელია რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ქვეკომიტეტისგან ნებართვის მიღება, რომელიც მოითხოვს, რომ აქტივი გაიყიდოს ღირებულებასთან შედარებით 50%-იანი ფასდაკლებით.

Decathlon-ის პრესსამსახური რუსეთში ბიზნესის გაყიდვაზე კომენტარს არ აკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ Decathlon-ის ქსელმა რუსეთში საქონლის მიწოდება, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე შეაჩერა, ხოლო 2022 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის ფედერაციაში ყველა ქსელური მაღაზია დაიხურა. კომპანიამ განაცხადა, რომ გაყიდვები განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ათასზე მეტმა კომპანიამ დატოვა რუსეთი. საცალო ვაჭრობის ბრენდებმა H&M-მა, IKEA-მ და Jysk-მა, რუსეთში თავისი ბიზნესი მთლიანად შეზღუდეს. ესპანურმა კომპანია Inditex-მა (ზარა, მასიმო დუტი, ოიშო და სხვები) დახურა მაღაზიები და რუსული ბიზნესი გაყიდა.