პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე: გამოძიების მთელი აქცენტი დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზეა მიმართული

"დავით გარეჯის საქმეზე გამოძიების აქცენტი იმ პირების დადგენაზე გაკეთდება, ვისი დავალებითაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მოქმედებდნენ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა.

პროკურორის თქმით, დაკავებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული.

„ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის გამოძიების მთელი აქცენტი მიმართული არის სწორედ დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და საგამოძიებო ორგანო ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს. მათ შორის, თქვენთვის ცნობილია, რომ ერთი პირი დღეს უკვე იმყოფება გამოკითხვაზე“, - განაცხადა სადრაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კარტოგრაფების მხარდამჭერი აქციაა