პაატა იმნაძე: ვაქცინებთან დაკავშირებით ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა, მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო

„ჩვენი კვლევებით, მოსახლეობის 22 პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს, 55-დან 60 პროცენტამდე კი დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს", – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

იმნაძის თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდობლობა აქვს. პაატა იმნაძე ფიქრობს, რომ მეტი ინფორმირებულობა და განმარტებაა საჭირო, რათა მოსახლეობამ აზრი შეიცვალოს.

„ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა იმდენი რამ ვრცელდება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ხალხის ნაწილს ამ შეთქმულების თეორიების სჯერა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევ და ისევ თქვენი დახმარებით, მეტი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი განმარტება, ახსნა, თუ როგორი და რა ტიპის ვაქცინებია. ბუნებაში არ არსებობს ძალა, რომ ერენემ ვაქცინა უკან წავიდეს, ბირთვში შევიდეს და დეენემი შეცვალოს. ბიოლოგიის საფუძვლებს ხომ ყველა არ იცნობს, მაგრამ რაღაცნაირად, ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებოდა, ასევე 41% აცრაზე უარს ამბობს