ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსული ჯარები უკრაინას დატოვებენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვას, დაეხმარება თუ არა პუტინთან პირისპირ შეხვედრა მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებას, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მას პუტინთან შეხვედრა არ აინტერესებს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.
„ჩემთვის ხალხი ნომერ პირველი პრიორიტეტია. ამიტომ არ მინდა რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლა. უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტონ ომი და რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ჩვენი ქვეყანა... რა თქმა უნდა, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას, ომი შეჩერდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.