უკრაინის ტერიტორიაზე მტრის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგების აღმოფხვრა და სამომავლო სარაკეტო საფრთხეების საწინააღმდეგო ზომები განიხილეს უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებმა შეიარაღებისა და აღჭურვილობის მიწოდების საკითხი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის დამცველების საზღვარგარეთ მომზადებას.
„უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა ოპერატიული მიმართულებების მეთაურებისგან მოისმინეს მოხსენებები ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ და დეტალურად განიხილეს ბახმუტის მიმართულებაზე არსებული ვითარება“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.