3 თებერვლიდან იაპონია, რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებულ პირებთან მიმართებით, დამატებით პერსონალურ სანქციებს აწესებს და ექსპორტზე შეზღუდვებს აფართოებს.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.
კერძოდ, ტოკიო რუსეთში საქონლის მიწოდებას 49 კომპანიას უკრძალავს. რუსეთის ბაზარზე შეწყდება ნახევარგამტარული აღჭურვილობისა და კომპონენტების, გაზის საძიებო მოწყობილობის, რობოტების, ელექტრო გენერატორების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ასევე ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება.
სანქციების ქვეშ მოხვდნენ თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია JSC Irkut Corp-ი და საზენიტო რაკეტების მწარმოებელი, მოსკოვის „ავანგარდის„ ქარხანა.
გარდა ამისა, იაპონიამ გაყინა კიდევ სამი ორგანიზაციისა და 22 რუსეთის მოქალაქის აქტივები, ასევე 14 პირის ანგარიში, რომლებიც „უკრაინის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთის“ ანექსიასთან არიან დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ იაპონია, რომელიც წელს G7-ის თავმჯდომარეა, მიიჩნევს რომ რუსეთის ომი უკრაინაში, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის მოლაპარაკებებში დომინირებს.