ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რომ ნამდვილი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად, მომავალი რეფორმები წარმართოს.

ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლადაც.

„ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც რეფორმების განხორციელებაზე გავლენას ახდენს. ამასთან, ემხრობა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რათა წარმართოს მომავალი რეფორმები ქვეყანაში ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად.

ასამბლეა ითვალისწინებს მედიასთან მიმართებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას. მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად.

რეზოლუცია იმეორებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის შეშფოთებასა და გმობას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას“, - აღნიშნულია ტექსტში. 

ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რათა საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც სამართლიანად ისწრაფვის. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ფოკუსირდნენ ამ რეზოლუციაში გამოხატულ დანარჩენ რეკომენდაციებზე.