რუსი სპორტსმენების ნებისმიერი ნეიტრალური ბანერი სისხლით არის შეღებილი - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი თომას ბახი IOC-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებზე ნეიტრალურ სტატუსში დაშვების შესაძლებლობის გამო გააკრიტიკა.

„არ შეიძლება იმედგაცრუებული იყოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარის განცხადებებით. მე მას არაერთხელ ვესაუბრე და არასოდეს მსმენია, როგორ აპირებს სპორტის დაცვას ომის პროპაგანდისგან, თუ რუს სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე დააბრუნებს." - განაცხადა ზელენსკიმ.

„არ არსებობს ნეიტრალიტეტი, როცა ასეთი ომია. და ჩვენ ვიცით, რამდენად ხშირად ცდილობენ ტირანები გამოიყენონ სპორტი თავიანთი იდეოლოგიური ინტერესებისთვის. აშკარაა, რომ რუსი სპორტსმენების ნებისმიერი ნეიტრალური ბანერი სისხლით არის შეღებილი", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

„უკრაინელი სპორტსმენები იძულებულნი არიან დაიცვან თავიანთი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე და ჩვენი ხალხის თავისუფლება რუსული აგრესიისგან. რუსეთის დარტყმებმა ასობით და ათასობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, რომლებსაც შეეძლოთ მსოფლიო სპორტი თავიანთი ნიჭით გაემდიდრებინათ", - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ IOC-ის ხელმძღვანელს ბახმუტში იწვევს, რათა „საკუთარი თვალით დაინახოს, რომ ნეიტრალიტეტი არ არსებობს“.