საქართველოს პრემიერმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილა

საქართველოს პრემიერ-ინისტრი გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. ჯავად ზარიფი საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. თბილისში ვიზიტამდე ირანის პირველი დიპლომატი, ბაქოში, მოსკოვში და ერევანში იმყოფებოდა.

როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

საქართველოს პრემიერმა და ირანის პირველმა დიპლომატმა შეხვედრაზე რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-კონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

25 იანვარს, ბაქოში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ვიზიტების დროს განიხილავს ინიციატივას რეგიონში 3+3 ფორმატის, 6 ქვეყნის პლატფორმის შექმნის შესახებ. ამ კავშირში მოიაზრებიან შემდეგი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი.

რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი