რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბაქოში, მოსკოვში და ერევანში ვიზიტების შემდეგ ირანის საგრეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი თბილისს ეწვევა. მანამდე ის აზერბაიჯანს, მოსკოვს და სომხეთს სტუმრობდა.
მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, რუსეთ-ირანის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის პრობლემები, მათ შორის სპარსეთის ყურის ზონაში არსებული ვითარება, JCPOA– ს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების თემა და მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარება.
„მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობა არ იქნება დამოკიდებული „შეერთებული შტატების ახირებებზე, რომლიც უკანონო სანქციების დაწესებით“ ცდილობს, ზიანი მიაყენოს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ორი ქვეყნის, ორი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ ვადგენთ ჩვენს გეგმებს ისე, რომ მესამე მხარეს არ გადავხედოთ”, - თქვა სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამედ ჯავად ზარიფთან შეხვედრის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი გამოთქვა. ჯავად ზარიფმა აშშ-ის ირანის მიმართ დაწესებული სანქციების შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. როგორც შეხვედრაზე ლავროვმა განაცხადა, ბირთვული შეთანხმების გადარჩენა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი და რუსეთი და ირანი დაინტერესებულნი არიან მისი სრული განხორციელებით.
ირანის პირველი დიპლომატის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი თეირანის და მოსკოვის საზრუნავი იყო.
„მადლობას ვუხდით რუსეთს, რომ ყარაბაღის კრიზისი მოგვარდა რუსეთის შუამავლობით, რაც ახლა რეგიონში მშვიდობისა და მეგობრობის შესაძლებლობას გვთავაზობს”, - თქვა ზარიფმა.
25 იანვარს, ბაქოში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ვიზიტების დროს განიხილავს ინიციატივას რეგიონში 3+3 ფორმატის, 6 ქვეყნის პლატფორმის შექმნის შესახებ. ამ კავშირში მოიაზრებიან შემდეგი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი.
„ბაქოში ფართო და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გავმართე რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. მყარი მშვიდობა მიიღწევა რეგიონული შეთანხმებებით, მათ შორის სატრანზიტო დერეფნის შესახებ, რაც ყველას წაადგება“, - დაწერა ზარიფმა Twitter-ზე.
_კავკასიის რეგიონში „ექვსთა პლატფორმის“ შექმნის ინიციატივა, 2020 წლის დეკემბერში, თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურა.
„აზერბაიჯანთან ვილაპარაკეთ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობაზე ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და, სურვილის შემთხვევაში კი სომხეთის მონაწილეობით. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში ჩამოსვლამდე, 27 იანვარს, ერევანში ვიზიტის შემდეგ ირანელმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა, რომ სომხეთთან რეგიონული თანამშრომლობის საკითხზე შეთანხდნენ და ძველ პრობლემებს ახალი სინერგიით ჩაანაცვლებენ. თუმცა იგულისხმებოდა თუ არა „ექვსთა პლატფორმა“, ზარიფს არ დაუკონკრეტებია.
_რას გულისხმობს 6 ქვეყნის კავშირის შექმნა და შედის თუ არა საქართველოს ინტერესებში ირანთან, რუსეთთან და თურქეთთან ერთად რამე ტიპის ალიანსის შექმნა, ამ საკითხზე Europetime საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
ანალიტიკოსის განმარტებით, ყარაბაღის ახალი ომის შემდეგ, ირანს სურვილი აქვს, უსაფრთხოების ახალ სტრუქტურაში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მათი გადმოსახედიდან, შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს კავკასიის გარშემო.
„თუმცა აქ არაერთი პრობლემაა. 3+3-ის კავშირის ფორმულასთან დაკავშირებით, პირველი პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყნებს, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო.
დიპლომატიური ურთიერთობა ასევ არ აქვს სომხეთს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამ კუთხით ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ირანი შედარებით ნაკლებად არის ჩართული კავკასიის ამბებში, განსხვავებით რუსეთისგან.
ამიტომ, ახლა ირანი ცდილობს, ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. საუბრობს ეკონომიკურ ურთიერთობებზე. თუმცა ეკონომიკური კავშირის კუთხითაც სერიოზული პრობლემები არსებობს, რადგან აშშ-ის ირანის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული”, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი Europetime.
ანალიტიკოსის შეფასებით, ძნელად წარმოსადგენია, ირანმა ეკონომიკური თვალსაზრისით ითანამშრომლოს კავკასიის სამ სახელმწიფოსთან, როდესაც სანქციების მიხედვით, თანხის გადარიცხვის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა. რეალურად, სანქციები ირანთან ვაჭრების განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა. ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, ეს პრობლემატური საკითხია და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რეალურად მოგვარდეს, თუ ირან-ამერიკის ურთიერთობები მოგვარდება.
„ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ 6 ქვეყნის კავშირის 3+3-ს შექმნა, უფრო ირანის სურვილების დონეზეა და რეალურად ირანს არაფერი გამოუვა. რაც შეეხება თვითონ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს, არ მგონია, თავად ვიზიტის ფაქტმა ამერიკული მხარის უკმაყოფილება გამოიწვიოს. სანქციები ასეთ ვიზიტებს არ შეეხება. შეხვედრები და საუბარი ყველა მეზობელთან საჭიროა, იმიტომ რომ, შენს რეგიონში მდებარეობს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ტრანზიტთან დაკავშირებით ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც განხილვას საჭიროებს“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.
2020 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე, ყარაბაღის კონფლიქტზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას „კავკასიური პლატფორმა“ ახსენა.
„მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 21 დეკემბერს. თურქეთის პრეზიდეტმა კი „კავკასიური პლატფორმის" ინიციატივა 2020 წლის 10 დეკემბერს გაახმაურა.
საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის მხრიდან Twitter-ზე კრიტიკული შეფასება მოჰყვა.
„რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს რუსეთისა და ირანისთვის მხარდაჭერას მეტად ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?", - დაწერა იან კელმა სოციალურ ქსელში.
_Europetime-ს კითხვაზე, ირანის შეთავაზება 6 ქვეყნის კავშირის შექმნის შესახებ, საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესებში რამდენად შედის? საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ არც დასავლეთელი პარტნიორების და მით უფრო საქართველოს ინტერესებში ასეთი კავშირის ჩამოყალიბება არ შედის.
„ნებისმიერი ფორმატის კავშირი, სადაც არ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის. იმიტომ, რომ უკვე არაერთხელ დავინახეთ, რას ნიშნავს რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენა. ჩემი აზრით, ეს კავშირი არც რუსეთის ინტერესში შედის, რადგან, რუსეთს არ სურს თავისი პრივილეგირებულ სტატუსში, რომლის მიღწევასაც ცდილობს კავკასიაში, რომელიმე სახელმწიფო ჩაეზიაროს. აქედან გამომდინარე კავკასიის რეგიონში ირანის და თურქეთის გავლენის გაზრდის ხელშეწყობა რუსეთის ინტერესებში არ შედის. რაც შეეხება დანარჩენ სახელმწიფოებს, ირანთან თანამშრომლობა მათთვისაც პრობლემატური იქნება. სანქციები არ იძლევა ირანთან რაიმე ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობას. ამიტომ ირანის ჩართულობით კავკასიის რეგიონში რაიმე ტიპის კავშირის შექმნა პრობლემატურია და ნაკლებად განხორციელებადი”, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.
_მოჰამედ ჯავად ზარიფის ვიზიტზე Europetime-თან ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა:
„ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - აშშ-ს ჭირდება სტრატეგია მთლიანი შავი ზღვის უფრო დიდ რეგიონთან მიმართებაში, რომელიც ნათლად გვაჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას რეგიონში, მათ შორის სამხრეთ აჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. პირადად მე ვერაფერ დადებითს ვერ ვხედავ რეგიონში კრემლის და ირანის გაზრდილი ყურადღების და ყოფნის თვალსაზრისით“.
ირანელი დიპლომატი საქართველოს 28 იანვარს დატოვებს.