რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფიზიკური პირების ფულადი გზავნილები 2022 წელს რამდენჯერმე გაიზარდა, ამას ყაზახეთში, საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და ყირგიზეთში გადარიცხვების სტატისტიკაც ადასტურებს, რომელიც RBC-ის ჟურნალისტებმა შეისწავლეს.
გამოცემის ცნობით, ყაზახეთში, საქართველოსა და სომხეთში, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 300-600%-ით გაიზარდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გადარიცხვების სტატისტიკის ანალიზი ბანკებისა და Zolotaya Korona-ს, Unistream-ისა და Contact-ის სისტემების მონაცემებს ითვალისწინებს.
ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიხედვით: მხოლოდ ფულადი გზავნილების სისტემებით რუსეთიდან ყაზახეთში გაიგზავნა დაახლოებით 775 მილიონი აშშ დოლარი, რაც 579%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს რეკორდია სულ მცირე 2014 წლიდან, როდესაც ყაზახეთში ამ მიმართულებით სტატისტიის წარმოება დაიწყო.
მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების სისტემებით საქართველოში 2 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 403%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს არის ყველაზე მაღალი მოცულობა 2012 წლის შემდეგ.
უზბეკეთში ერთი წლის განმავლობაში 14,5 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 160%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
2022 წლის 11 თვის შედეგების მიხედვით, სომხეთში 3,1 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-ნოემბერის მაჩვენებელზე 306%-ით მეტია. ეს რეკორდული მაჩვენებელია 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც ასეთი სტატისტიკა აღირიცხება.
2022 წლის 11 თვეში ყირგიზეთში 2,6 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 6%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ნოემბერის მაჩვენებელზე. ეს 2005 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
RBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ფულადი გზავნილების ზრდას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ 2022 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყანა დატოვეს. ფულად გადარიცხვებზე ასევე შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზღვარგარეთ საქონლის შეძენამ, რომელიც რუსეთში სანქციების გამო მიუწვდომელია.