რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა

რუსეთში, მოსკოვის მოსამართლემ ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის განთავისუფლებაზე უარი უთხრა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

ნავალნი 30 დღე-ღამით არის დაკავებული, რათა სხვა სასამართლოს საშუალება მიეცეს თებერვალში გადაწყვიტოს, რეალური სასჯელით შეუცვალოს თუ არა მას 3,5 წლით პირობითი პატიმრობა, რაც მას ადრე ჰქონდა მისჯილი თაღლითობის ბრალდებით.

სასამარეთლოს გადაწყვეტილებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში ოპოზიციონერის ძმა და მისი თანამოაზრეები დააკავეს.

დაკავებულები 23 იანვრის აქციაზე სანიტარული და ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულთა შორისაა ლუბოვ სობოლი, რომელიც თავდაპირველად პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით წაიყვანა.

ალექსეი ნავალნი აეროპორში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ.

ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავება.