უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო ოლიმპიური თამაშების ფედერაციებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა.
ზელენსკიმ მოუწოდა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიურ თამაშებში რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ IOC-ის გადაწყვეტილებას უპასუხონ.
„დღეს გავაგრძელე ჩვენი პატიოსნების მარათონი, რომელმაც უნდა დააბრუნოს საერთაშორისო სპორტული სააგენტოები ნამდვილ ოლიმპიურ პრინციპზე. წერილით მივმართე წამყვანი საერთაშორისო სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს. მოწოდება მარტივი და სამართლიანია. გადაწყვეტილება მივიღოთ კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ტერორისტული სახელმწიფოს პროპაგანდისტული გავლენისთვის ასპარეზის გახსნა სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც კრემლი დაიწყებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არსებული არაპრინციპული „მოქნილობის“ გამოყენებას იმის სათქმელად, რომ თითქოს მსოფლიო აგრესორთან დათმობაზე წასასვლელად თანახმაა. ის ფაქტი, რომ რუსეთი აგრძელებს თავის ტერორს ყოველდღე, იგნორირებული არ უნდა იყოს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, შეიძლება, რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს დიდ ღონისძიებებში ჩართვის უფლება მისცენ, მაგრამ ამისთვის მათ რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის წაყენებული პირველი და მთავარი პირობა იქნება, რომ დაგმონ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტანისლავ პოზდნიაკოვი ამბობს, რომ რუსი სპორტსმენების მიმართ გადადგმული ერთი ნაბიჯი ამავდროულად საწინააღმდეგო მიმართულებით გადადგმული ორი ნაბიჯია.