დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა. აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთს ინტერკონექტორებით, ხოლო უნგრეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებს მიეწოდება.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 30 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისა და ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთი იქნება არა მხოლოდ აზერბაიჯანული გაზის მომხმარებელი, არამედ აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ქვეყანა ევროპის სხვა ქვეყნებში.
„რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში ენერგოუსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მე მჯერა, რომ ეს საკითხი მსოფლიო დღის წესრიგის სათავეშია. აზერბაიჯანს, ნავთობისა და გაზის მდიდარი რესურსები საშუალებას აძლევს იყოს ევროპის საიმედო პარტნიორი. ევროკომისიის ხელმძღვანელობა აზერბაიჯანს სწორედ სანდო პარტნიორს უწოდებს“, - დასძინა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ნაბუქო (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი).
„ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა.
ასევე წაიკითხეთ: