"მე ვფიქრობ, რომ გირაოს ოდენობას გავასაჩივრებთ, ვინაიდან ის საკმაოდ დიდია ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით", - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა.
„ეს გადაწყვეტილება უფრო დასჯას ემსახურება და მას არ აქვს სამართლებრივი არგუმენტები. იმ მიზნებისა და შედეგის მიღწევა, რასაც ბრალდების მხარე ასახელებდა, შესაძლებელი იყო უფრო რბილი გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ საქმიანობის შეჩერებას გულისხმობს.
ამ შემთხვევაში ბრალდებულს შეუნარჩუნდებოდა ანაზღაურება, ახლა ის კი ანაზღაურების გარეშე დატოვეს. მე ვფიქრობ, რომ გირაოს ოდენობას გავასაჩივრებთ, ვინაიდან ის საკმაოდ დიდია ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით“, - განაცხადა მარიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
ცნობისთვის, 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა