ჰაკერებმა სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის ელექტრონულ დაფებზე, უკრაინის ქალაქ ბუჩის მოვლენებზე ინფორმაცია განათავსეს

ჰაკერებმა სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის ელექტრონულ დაფებზე, უკრაინული ბუჩის მოვლენებზე ინფორმაცია განათავსეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ფონეტიკა“ წერს. 

შემთხვევა, როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, 29 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

რა ინფორმაცია გავრცელდა ეკრანებზე, არ ზუსტდება.

ერმიტაჟის დაცვის თანამშრომლებმა გამორთეს ეკრანები მას შემდეგ, რაც ერმიტაჟზე ჰაკერული შეტევა აღმოაჩინეს.

წინასწარი მონაცემებით, ჰაკერული შეტევა დისტანციურად განხორციელდა. ახლა საგამოძიებო კომიტეტი მომხდარის კვალიფიკაციას ადგენს.

ბუჩა 2022 წლის გაზაფხულზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო.

რუსული ჯარების გაყვანისთანავე ბუჩაში ათობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მას შემდეგ ბუჩა ომის დროს რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების სიმბოლოდ იქცა.