NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტოკიოში შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ფუმიო კიშიდას. CNN-ის ცნობით, მხარეებმა პირობა დადებს, რომ კავშირებს გააძლიერებენ. ამასთან, როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, ორი ლიდერი ერთობლივ განცხადებაზეც შეთანხმდა.
გენერალურმა მდივანმა და პრემიერ მინისტრმა კიშიდამ განიხილეს მზარდი გამოწვევები, მათ შორის ჩინეთის ქმედებები და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პროვოკაციები.
ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ ევროპული კრიზისი, არამედ, ეს არის გამოწვევა საერთაშორისო წესრიგისთვის.
უკრაინისადმი იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე საუბრისას, გენერალური მდივანი მიესალმა იაპონიის მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ისევე როგორც მის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისთვის.
ასევე მიესალმა იაპონიის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას, რომელიც ასევე გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს და თავდაცვის ხარჯების გაზრდას.
„თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება გზავნილი, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს შეუძლიათ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს უხეში ძალის გამოყენებით. ეს სახიფათოა. პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს და სწავლობს გაკვეთილებს, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს მის მომავალ გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იაპონიამ უკრაინას არალეტალური დახმარება გაუწია დრონების, ტყვიაგაუმტარი ჟილეტების, ჩაფხუტების, კარვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სახით. თუმცა, თავდაცვის პოლიტიკის მითითებების თანახმად, რომლებიც ფაქტობრივად კრძალავს იარაღის ექსპორტს, ტოკიოს კიევისთვის იარაღი არ მიუწოდებია.