2022 წელს საქართველომ 14,8 მილიარდი კილოვატ/საათ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
ამის შესახებ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებშია ნათქვამი.
გასულ წელს საქართველოში 14,2 მილიარდი კილოვატსათი იყო გამომუშავებული, 12,7%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი მოდიოდა ჰიდროელექტროსადგურებზე - 10,8 მლრდ კილოვატ/საათზე, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს დაახლოებით 3,4 მილიარდი კილოვატსათი, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა - 87,49 მლნ კილოვატ/საათმა.
წარმოებაზე მოხმარების გადაჭარბების გამო საქართველო იძულებული გახდა ელექტროენერგია მეზობლებისაგან ეყიდა.
იმპორტმა 1,5 მილიარდ კილოვატ საათზე მეტი შეადგინა.
2022 წელს საქართველომ რუსეთიდან დაახლოებით 1,3 მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგია შემოიტანა, ხოლო აზერბაიჯანიდან 129,5 მილიონი კილოვატ/საათი, ნათქვამია ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებლ ინფორმაციაში. ხოლო ექსპორტმა საანგარიშო პერიოდში 971,02 მლნ კილოვატ/საათი შეადგინა.
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში ყოველწლიურად იზრდება.
ექსპერტების აზრით, 2030 წლისთვის ქვეყანას შესაძლოა ენერგოდეფიციტი შეექმნას, ვინაიდან იმ დროისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კილოვატ/საათს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ მოიხმარა 14,3 მილიარდი კილოვატსათი ელექტროენერგია, რაც 13%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით და გამოიმუშავა 12,6 მილიარდი კილოვატსათი.